1. პროექტის სახელი: მსოფლიოს ძირითადი რელიგიები და ტოლერანტობა
2. პროექტის მოკლე აღწერა 1–2 წინადადებით:
პროექტში განხილული იქნება მსოფლიოს ოთხი ძირითადი რელიგია: ქრისტიანობა (კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა), იუდაიზმი, მუსულმანობა და ბუდიზმი და კონფლიქტები. ეს თემა მეტად აქტუალურია, რადგან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რელიგიის საფუძველზე აღმოცენებული ომები და კონფლიქტები სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანებს შორის უხსოვარი დროიდან არსებობდა და სამწუხაროდ ამჟამადაც არის (მაგ. ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები, ინდოეთი (რელიგიის საფუძველზე ამ ქვეყნის ორ სახელმწიფოდ დაყოფა: ინდოეთად და პაკისტანად), ისრაელი და პალესტინა და ა.შ.).
3. პროექტის სრული აღწერა:
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მოცემული თემის შესახებ ინტერნეტსა და სხვადასხვა ინგლისურენოვან წყაროებში და შემდეგ ერთმანეთს წარმოადგენენ მათ მიერ მოპოვებულ მასალებს სხვადასხვა რელიგიებსა და იმ მიზეზებზე, რომლებიც უხსოვარი დროიდან იწვევდნენ და ამჟამადაც ქმნიან კონფლიქტებს. საქართველოსთვის ყოველთვის აქტუალური იყო ეს საკითხი, როგორც მართლმადიდებლური ქვეყნისთვის, რომლის მეზობლებიც არიან ისეთი ძლიერი მუსულმანი ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად, თურქეთი, ირანი და ა.შ. გარდა ამისა, საქართველო მრაველეროვნული ქვეყანაა და ყოველთვის გამოირჩეოდა ჰუმანიზმით და ტოლერანტობით. მოსწავლეები იმსჯელებენ თუ რა შეიძლება მოჰყვეს სხვადასხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანების მიმართ შეუწყნარებლობას და იმსჯელებენ სხვადასხვა რელიგიებისა და მათ საფუძველზე აღმოცენებული კონფლიქტების თავიდან აცილების სავარაუდო გზებზე.
მოსწავლეები თარგმნიან მათ მიერ წარმოდგენილ მასალებს ქართულ ენაზე სტუმრად მოწვეულისაზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელმაც არ იცის ინგლისური ენა. ეს დაეხმარება დამსწრე საზოგადოებას, რომ უცხო ენის არცოდნის მიუხედავად შეძლოს მათი პრეზენტაციების გაგება. ამ პროექტის დასრულებისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ლექსიკურ მარაგს, გაიუმჯობესებენ მსჯელობისა და საკუთარი აზრის გადმოცემის უნარს ინგლისურ ენაზე, იმუშავებენ თარგმანის ტექნიკაზე და გამოიმუშავებენ პრეზენტაციის უნარს. შემეცნებითი დატვირთვის გარდა ამ პროექტს ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც ექნება, რადგან მოსწავლეები დაძლევენ უცხო საზოგადოების წინაშე გამოსვლის შიშს და აიმაღლებენ თვითშეფასებას.
4. მონაწილეთა ასაკი: 15–16 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა: ერთი თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: წარმოადგენენ მათ მიერ მოძიებულ მასალებს ინტერნეტიდან და სხვადასხვა წყაროებიდან (ინგლისურენოვანი გამოცემები, ენციკლოპედიები და ა.შ.), კლასში გააკეთებენ ზეპირ პრეზენტაციებს, იმსჯელებენ და კითხვებს დაუსვამენ ერთმანეთს. შემდეგ მათ მიერ წარმოდგენილ მასალებს თარგმნიან ქართულ ენაზე, შეადგენენ პრეს რელიზებს ჟურნალისტებისთვის და ბოლოს, დაამზადებენ კედლის გაზეთებს.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეების მიერ ენციკლოპედიებისა და ინგლისურენოვანი გამოცემების საფუძველზე დაწერილი მოხსენებები, ელექტრონული პრეზენტაციები, კედლის გაზეთები და მოძიებული ვიდეო მასალები; მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი, რომ თავისუფალ დროს იკითხონ მხატვრული ლიტერატურის შედევრები.
8. სარგებელი სხვებისთვის: მოწვეული სტუმრები შეაფასებენ ჩვენი სკოლის მოსწავლეთა ინგლისური ენის ცოდნის დონეს. მოსწავლეები მათ მიერ მიღებულ ცოდნასა და მოპოვებულ მასალებს გაუზიარებენ თანატოლებს, მოახდენენ პრეზენტაციებს კომპიუტერის დახმარებით და კედლის გაზეთებს გამოფენენ. ეს სტიმულს მისცემს სხვა მოსწავლეებს, რომ მათაც შექმნან რაიმე ღირებული და შესაბამისად აიმაღლონ თვითშეფასება.ინგლისური ენის მასწავლებლებს შეიძლება სურვილი გაუჩნდეთ, რომ ამგვარი ღონისძიებები მათაც ჩაატარონ. მშობლები შეძლებენ თვალნათლივ იმის დანახვას, თუ რას აკეთებენ მათი შვილები სკოლაში და შეაფასებენ მათი შვილების პრეზენტაციას.
9. სამუშაო ენა: ინგლისური, ქართული
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: – მოწვეული იქნებიან სტუმრები: ჟურნალისტები, რომლებიც მასმედიაში ასახავენ ამ ღონისძიებას, სამღვდელოების წარმომადგენლები და მშობლები.
11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
1) ისტორია
მოსწავლეები გაიხსენებენ რელიგიის საფუძველზე აღმოცენებულ ომებს ან კონფლიქტებს (მაგ. ჯვაროსნული ომები, წმ. ბართლომეს ღამე საფრანგეთში, საქართველოში მართლმადიდებლობის მიღების ისტორია, ქეთევან დედოფლის ცხოვრებისა და გარდაცვალების ისტორია და ა.შ.)
2)გეოგრაფია
მოსწავლეებს დაჭირდებათ სხვადასხვა ქვეყნების შესახებ საუბარი და შესაბამისად, რუკების გამოყენება
3)ხელოვნება
მოსწავლეები წარმოადგენენ:
1) სხვადასხვა მხატვრების მიერ რელიგიისა და ტოლერანტობის თემატიკაზე შექმნილ ნამუშევრებს
2)საკუთარი ძალებით შექმნილ კედლის გაზეთს და ამით გამოხატავენ გემოვნებას, ხატვისა და შემოქმედების უნარს და საკუთარ შეხედულებებს.
4)ინფორმატიკა:
მოსწავლეები ისწავლიან მასალების მოძიებასა და დამუშავებას ინტერნეტის მეშვეობით.
12. პროექტის ავტორი: ნანა ქუთათელაძე
13.ავტორის ელფოსტა: nanakutateladze.blogspot.com
14.პროექტის ფორუმი: - - -
15.პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: - - -
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment